10/4/10

სათადარიგო სკამი


"გგონია იმისთვის წავედი, რომ დაგივიწო 
არადა, დასაბრუნებლად დაგტოვე. "

                                        მარიენი

         რამდენჯერ წავედი უკვე,რამდენჯერ.და მაინც მერამდენედ ისევ ვბრუნდები,მეჩვენება რომ შენ ტირი,განიცდი,გტკივვარ,მაგრამ ვბრუნდები და ვხედავ,მშვიდად ხარ შენ მეგობრების გარემოცვაში და გეღიმება რომ მე მოვბრუნდი,მერე ისევ მივდივარ,მე ვმხიარულობ,საცაა დაგივიწყე კიდეც მერე ლუკმასავით მეჩხირება ყელში რაღაც,თითქოს შენ მარტო ხარ თოვლში და გცივა,ისევ ბრუნდები,ისევ სირბილით ამოვდივარ აღმართებზე რომ მიგიხუტო და გითხრა,არა,არა,შენ არ ხარ მარტ არ ხარ,აი მე შენთან ვარ მაგრამ ამჯერადაც ვხედავ ხარ თბილად,რწყავ ყვავილებს და კუთხეში სათადარიგო სკამი ცარიელია…



მე ისევ არ მომწონს ჩემი სკამი და ისევ მივდივარ

9/19/10

ჩემო მეგობარო




სულში გავითბობ ხელებსო და ხერხემლიდან ამეწვა უცებ,
ცხადად დავინახე ღია სული,
სულსაც აქვს სისხლი ჩემო მეგობარო,
ალბათ ესეც არსებობის ხასხასა დასტურია,
ეხლა ვკითხულობ შენს წერილებს
და ვხვდები:
როგორ ჩაბღუჯე ჩემი მაჯა და
პატარა ბავშვივით,ცალი ხელით მახტუნებ გუბეებზე,
ბათინკები რომ არ დამიმძიმდეს,
შენით დავიწყე დილა და ვიცი,-
უფლება მაქვს მოგწერო ყველა უაზრობა,
რომელმაც ჩემში გაატარა.
რატომ გეჩვენება რომ,-
ყველა ჩემი საღამო ისე მძიმეა მხრებზე გეყრდნობა,
უბრალოდ ფერადი გზაჯვარედინები მაბრუებს,
ყველა სახლში ლამპა ანთია და საერთოდ არ აქვთ ფანჯრები,
ლურჯი ფოსფორით აქვთ მიხატული,
ეხლა მასავით ოთხი ზომით დიდი მაისური მაცვია
და ზუსტად ვიცი,-
სული ვიწრო კაბაშიც აღარ მომიჭერს,
იმიტომ რომ უცნაურად გაიწელა,და ძალიან ბევრი ეტევა.
და ვეღარ ვავსებ.
ვიცი მავანი გამომეკიდება რის კაბა რა სულიო მაგრამ მეგობარო ესეც ერთი უაზრო ფორმალობაა
რომელსაც ცხადია ვერც ავხსნი და სურვილიც არ მექნება...
როგორ ვერ გხედავ ან როგორ ვერ გგრძნობ,ოღონდ შენ მაგას ნუ დამაბრალებ
ამიტომ მეწვის ხერხემლიდან და მარცხნივ სულში რომ ჩამიყოფ ხელებს,
შენით დავიწყე დილა მეგობარო,აი გაწვიმდა კიდეც,
რამდენი ხანია არ უწვიმია...

ალუბლებით სავე კალათა



ვერ ვხვდები ,რატომ მესიზმრება ყოველღამე ალუბლებით სავე კალათა,შენს მაჯებთან მოფანტული,
რატომ დავდივარ სიმძიმემოწოლილი და ვიჯერებ,მარიამის შეშლილ ნაბოდვარს,რომ ლურჯი ყოჩივარდები უმწეობად აყრია ფრთებზე,რატომ ვცდილობ რომ ყოველღამე მიმატოვოს მამამ და მერე სპილოსთვის სამყოფი საძილე აბებით გაბერილმა ქუჩა ქუჩა ვიარო და ვისმინო საკუთარი სიზედმეტე…
რატომ ქრის ასეთი ბლანტი,უშედეგო ქარი,უხმაუროდ რომ აწვენენ ნაძვებს…მინები აღარ შეუტოვეს ჩემს მყუდრო ოთახს…რატომ…და მაინც ყოველ ღამე იმხელა ხმაზე ვეძახი ღმერთს ლამისაა ყურები ვატკინო,ვის აღარ ავკიდე ჩემი მარტოობა,ვისი სულის ხარჯზე არ ვიცხოვრე,მაგრამ ეს ქარები,ეს უშედეგი ცინიკოსები,დამხარხარებენ და მახსენებენ,რომ ისევ ვერ ვიძინებ,რადგან მას კვლავ ესიზმრება ლურჯი ყოჩივარდები და მე ისევ მაშინებს შენს მაჯებთან მიყრილი ალუბლები...
ჯერ ნუ წაიყვან!!!
გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი

6/6/10

ლენ...

ლენ...
წინა წერილში შენ მთხოვდი მომეწერა ამინდები,აქ გრძნობადაკარგული მზეებია,როგორც იტყოდნენ მატყუარა მზე.
ჯვარცმასთან შენს მეგობრებს ვუნთებ სანთელს და ისევ უსიცოცხლოდ მივუყვები ქვაფენილს...მანამდე ჯიუტად ვამეორებინებ მოძღვარს მრავალჯერ მოსმენილ არგუმენტს თუ რატომ არ შეიძლება მათზე ლოცვა...

პირში ჩაგუბებულ პროტესტს ვყლაპავ და ვხვდები როგორ მიჭერს ყელთან...


უკვე აღარ...

6/3/10

დედა


როცა შენ ბროლის ნამსხვრევებზე ფეხშიშველი დადიოდი,

როცა ციდან წვიმის ნაცვლად უნუგეშობა ცრიდა...

როცა სამყარო საოცრად უკედლო იყო და

არ არსებობდა ჩემი მხრიდან ახალი მიგნება

როცა ეგომ სული გამიყინა და

ვერ-ლიბრებზე გადავედი

როცა არავის სიყვარული მწამდა

შენ ბროლის ნამსხვრევებზე ფეხშიშველი დადიოდი

წვიმის შემდეგ ზეცა უნუგესობას ცრიდა

ენ, ცრემლებით აშენებულ გამჭვირვალე კედელს

ჩემს გასათბობად ქსოვდი

5/31/10

სანი მზეა


                (დაფშვნილი გიშრის მტვერი აქვს თმებში) 

პოეტური სახელი გაქვს სან,აქ ნივთები თავდაყირა დგას სულ,გულისსიღრმეში ყველას მოსწონს,ამიტომაც მოდიან ხშირად,კედლები გაივსო ნესტით და მგონი უკვე მეც გადმომედო,ხშირად ხელისგულები მაქვს ნესტიანი და ცივი,ამიტომაც ნაკლებად მკიდებენ ხელს.
მეც თუთასავით ხელჩაკიდულს მიყვარს სიარული და როცა ნესტიანი ხელისგამო ვერ ვსუნთქავ უფრო ვუხორცდები ჩემს კოპლებიან კედელს და ბავშვობას ვიხსენებ ბედნირება რომ დავიჯერო...
სან მე მიყვარს როცა იღიმები,უფრო ახლო ხარ და არა შორეული,თან არ გაქვს ჩემი კედლების საშინელი ატმოსფერო,უფრო მზითგაჯერებული "სხვენის"თბილი სითბო მოდის შენგან,რაც ადამიანების შეყვარებას გადავეჩვიე ვცდილობ სახლებად აღვიქვა რომ რომელიმე მათგანს დავუკაკუნო...
ადრე მეც შენსავით მზეს ვაცხოვრებდი ოთახებში,ხშირად როცა პირს იბანდა მზე,ჩვენ წვიმა გვეგონა და ვიშიტებოდით იატაკზე,მერე როგორც ელი იტყოდა "გადაცხოვრდა"მზე და დაიწყო წვიმა,წვიმა და სულ წვიმა,გაგიკვირდება და მავანი მიმტკიცებდა თითქოს ლპობა შეეპარა მიწას მაგრამ სან ტყუოდნენ,როგორც ყველა,აბა ვინღა შეგვიხორცებს მერე?...
ამიტომაც სან როცა გხედავ მოვდივარ და ხელისგულებს "გაცხუნებ"იქნებ ამომიშრეს ნესტი და ხელჩაკიდული მატარონ სახლებმა

5/28/10

არ ტყუის მიწა


სენტიმენტებით გაჯერებულ ოთახში ვსხედვართ...
უაზრობაა ახლა ჩემი მხრიდან ხმის ამოღება.
რაც ლენი სხვებივით წავიდა სულ ბაყაყისფერ სამოსელს ვიცვამ...

სენტიმენტები სარკაზმია ახლა,მე ამ სარკაზმს შორიდან ვუყურებ და ნერწყვად მომდგარ ცხოვრებას ვყლაპავ,ვიწამლები კიდეც... გავარვარებულ შუბლზე ალბათ მიწა დამადებს ხელს,მზიანი მიწა და მეტყვის არ გაქვსო სიცხე.



არ ტყუის მიწა

5/24/10

რადგანაც ვხვდები რომ მე კი არა სამყარო დადის უკუღმა


წავალ სადმე გავიქცევი
სადმე შორს სადაც საკუთარ თავსაც კი ვერ მივაგნებ სარკეში ჩახედვისას,
მწვანედ შევიღებავ თმებს და...თუმცა ჩემი მშიერი სულის ამბავი რომ ვიცი ვერანაირი ცვლილება ვერ დამანაყრებს...
აღარავინ აღარ მეგულება,საერთოდ არავინ,ჩემს სამყაროში ხალხმრავლობაა და მოვალეობადქცეული ღიმილებით დამყვებიან...მეე?მე სადმე შორს ცისგან,სადმე სუსხიან სიბნელეში,მერე მოდი და გადმომისხი ამბროზია ბალახის ბაყაყისფერი წვენი,
ამ ჩემს მიწურულ ღამეში სადაც სიო ჩვეულებაა,
სადაც გაზაფხული ყოველდღიურობა...
სადაც ყველაფერი გარყვნილებაში გეთვლენა
როცა ადამიანები მხოლოდ იმის გამო გიყურებენ ამრეზით რომ გიყვარს
როცა ყველაფერი რაღაცაზეა გათვლილი,
როცა ადამიანები საკუთარ კანონზომიერებებს ქმნიან და სიყვარულის გამო ზიზღდები...
მე შუა რუსთაველზე მხრებაწურული ვდგავარ და ტირილი მივარდება,რადგანაც ვხვდები რომ მე კი არა სამყარო დადის უკუღმა

უკაცრიელი რომ არ მეჩვენოს სამყარო,...


როცა ვერ ვიტევდი სინათლეს და კანიდან ვჟონავდი ვარსკვლავებს,როცა ჩემს ნაფეხურებზე გვირილები იზრდებოდა,ვეუცხოვე ადამიანებს და მომკლეს,ეხლა ვზივარ და კანიდან სიცარიელეებს ვჟონავ,უაზრო წამლებით ვიბანგავ გონებას და ლამისაა საკუთარი სახელი დამავიწყდეს,თავი მაკონდოში მგონია, ეს ვიწრო ქუჩებიც ხომ ჩემს ნერვებზე უკრავს უცნაურ მელოდიას... უნდა ვიკივლო ეხლა,ისე უნდა ვიკივლო რომ მარტო ჩემი ეზო კი არა სამყარო შევძრა... ეს ნაგვის ურნებიც ხომ 21 საუკუნის არისტოკრატებივით ქართველი "არირტოკრატებივით" სხედან და ვიღაც "გამძღარის"გადაგდებული რაფაელოს კოლოფის გვერდით 11 წლის ბავშვის აღსარება გდია,ვერ მიცემული მოძღვრისთვის,არ ვეყვარებიო ტყუილის გამო, არაფერია უსწორმასწორო და არათანაბარი,ჩვენ გამოვიგონეთ ეს,გამოვიგონეთ რომ გაგვეტკბილებინა ტანჯვა,... რა ხდება ახლა?ჩემი კანიდან აღარ ჟონავს სინათლე და ჩემი სუნთქვა ზედმეტად ჩუმია,უჩარჩოობა უკვე ზღვარს გასცდა და თოჯინამაც შემაქცია ზურგი, შენ შენი დალაგებული ცხოვრებით სუნთქავ,მე კიდევ შეგნებულად არ ვალაგებ უსწორმასწორო მიყრილ ადამიანებს უკაცრიელი რომ არ მეჩვენოსწ სამყარო,... კივილი მინდა რომ სივრცე გავბზარო... კივილი მინდა რომ... კივილი მინდა კივილი მინდა კივილი მინდა და არ მყოფნის ძალა

5/11/10

გუშინ "შინ" ვიყავი ლენ


ლენ ჰაერია რაღაც უფსკერო
თუმცა შენ ფსკერს ხედავ-ძალიან შორს რომ იხედები იმიტომ
გუშინ "შინ" ვიყავი ლენ,
სარდაფში...
ხისფერ შპალერში გვირილებს ვაძინებდი,
შენ რომ მასწავლე ისე...
ოთახში რაღაც დავტოვე ჩემი,
მე მიყვარს როცა "მე" ჩემს მერე მიდის...
ღიამწვანე ფარდებია "შინ",
აი შენ რომ დამარქვი ისეთი,
"თავდაყირა"კიდია ჩემსავით,
ჰაერი იყო ლენ უცნაური თითქოს "რულჯ"ნახატებს ვსუნთქავდი ფილტვები ვერ უძლებდა ამდენ არამიწიურს,ნერვებს მისივე სიგარეტით ვილბობდი,ჟანგბადს შევარიე.ხომ იცი ლენ არ ვარ შეჩვეული უსაზღვროებას,შენ ის შეგიყვარდება ლენ,სხვა ქალაქში ცხოვრობს სადაც კვირის დღეებს კანონზომიერებები არ განსაზღვრავსხშირად შეიძლება სამი დღეც კი იყოს ხუთშაბათილენ იქ ატმოსფერო სრულიად შიშველია"შინ" მეგონა თავიშენ ის შეგიყვარდება ლენ...

5/8/10

ნერვულ სიმშვიდე


ნერვულ სიმშვიდეს ფორიაქით გავიწვალებ თმებში,
ჩემს აშენებულ ბრჭყვიალა სიგიჟეს საოცარი მზერებით მიირონიისფერებენ,
გამუდმებული პროტესტი...
მიწასთან ჩემს საოცარ კავშირს ჩემი მიწიანი ხელები მოწმობს,
ხელისგულზე აშენებულ ქაღალდის ქოხში ვცხოვრობ და სულს მიბერავს ხელისგულის პატრონი,
მე ქარიშხალი მგონია და სული უკედლობით მევსება...
დაკუჭულ ქაღალდებს საკუთარი თავის ჯინზე ვშლი და იქნებ უჯრებიანი სამოსიც შევიკერო...(...)


(...)

5/6/10

"რულჯია" ზეცა "ლენ,"







წვიმა ზეციდან მორბოდა ლენ...
სიგიჟე იყო......
მარიამი გავხდი...
ღრუბელი დამსხვრეულა და ნამსხვრევებს მუხლებიდან ვიცლიდი ლენ..
მე უკვე აღარავინ მიჯერებს
გალუმპული ვდგავარ და გუბეებში "მთვარეებს"ვითვლი.
"რულჯია" ზეცა ლენ,"რულჯი"შენ ხომ ფერიც და შენი მოგონილი "სირულჯეც"გიყვარს
,როგორ მორბოდა წვიმა ზეციდან,
რა თავსხმა იყო,
კესანებს დავისიზმრავ ლენ და სიჩუმეს გვირილებში შევერევი,
(სიჩუმე შევიყვარე ლენ)

4/25/10

"ლენ"


შენ ჩემი და ხარ ლენ,ოღონდ არავინ არ იცის,არც დედამ...
ეხლა ჭექა ქუხილია,მე ათამდე ვითვლი და საბანში ვიმალები...
შენ პატარა ხარ,ჩემსავით...ოთხი წლის...
დედას მაისური გაცვია,მუქი შინდისფერი,მოშავო თვალებით და გაბუტული ტუჩებით ჩემთან შემოპარვა გინდა,მე მხოლოდ თვალებით გპატიჟებ.
-შენც გეშინია?
-მე არა-გატყუებ
-არც მე-მეჯიბრები
- გეშინია-ვბრაზდები
-არ მეშინია-ისევ მეჯიბრები
ჩვენ ჯიუტები ვართ,გვიყვარს თოჯინობანას თამაში
ჭექა-ქუხილი სადღაც ახლოს სკდება,შენ ჩამეხუტე,
-აი გეშინია(გამარჯვებული ხმით)
-ალაო-მოუქნელად მწიწკნი თმებს და მტოვებ
კარებთან სასაცილოდ დგახარ,...ხვეული თმები წელამდე გწვდება,გაბუტულ ტუჩებთან ცრემლები გიგროვდება და მოცუცქნული თითებით მარცხენა თვალს ისრეს...შენ ცაცია ხარ,მარცხენა ფეხზე დგახარ და მარჯვენათი მარცხენას აწვალებ,მეც ვდგები,ჩვენ აღარ გვეძინება,ფეხშიშველი ჩავრბივართ უკვე ეზოში,წვიმს...ჩვენ პატარები ვართ,ჩვენებურად ვცეკვავთ,ბოლოს ისევ ჩხუბი და ცალ ცალკე ავრბივართ კიბეზე,თუმცა მაინც ერთად,
***
შენ ჩემი და ხარ
დედამ არ იცის რომ შენ მე მყავხარ
როცა სველდები შენ ქრები
დღეს არ წვიმდა

4/10/10

მზედგადაცმულ ღმერთს

ეს ღამე ტაძარია ახლა.შენი სულის გამჭვირვალე ვარსკვლავები სანთლებად აციმციმდა ცაზე,ხავსმოკიდებულ მდინარესთან მზედგადაცმულ ღმერთს გადარჩენას ევედრები...ჩიტები პატრიარქის ხმაზე გალობენ,შანდლების ნაცვლად ცაცხვებზე ანთია ჩასასვენებლად აწითლებული მზე შენ რომ გადარჩენას ევედრები...ეხლა წყლის ზედაპირზე წყალმცენარეებით მოქარგულ სივრცეს ციცინათელები ეხვევიან გარს...ასე მგონია წყლის ქვევითაა მათი იდუმალი სასახლე,
ეს ღამე ტაძარია ახლა...მე მხოლოდ შენს უფალმიმართულ მზერას ვიჭერ და მხოლოდ ზურგიდანმლოცველს გაწყდები,წყალი ციცინათელებს ირეკლავს და მე შენს ლოცვას.
.

4/1/10

მთვარეული(მეათე ცაზე)


ნიავი ბეთხოვენივით გაივლიდა თითეოულ საფეხურს და ბოლოს,სულთან რომ მომიკაკუნებდა,ვაღებდი ფანჯარას და ბებოსნაქონი,ძვლივსგადარჩენილი,სითეთრედაკარგული პერანგით,მარიამივით ვუყურებდი დაჩოქილ სივრცეს,ღამის სილურჯე სულის კაბად მეცვა და ღილებადდაკერილი ვარსკვლავები ამ დროს შოპენს უკრავდა,მე ფეხშიშველი,მეწყვილე ნიავს ავყევი ცეკვაში...ჯერ ბოლომდე არგამომცხვარ მიწას,აღარ ვაკარებდი ფეხებს,იმიტომ რომ ლურჯი იყო ღამე,იმიტომ რომ ქარი მაკვდებოდა ტუჩებზე,წვიმამ შემომაწება სითეთრედაკარგული ბებიას მოსაცმელი...მე მაინც ფეხშიშველი,ვარსკვლავები შოპენის ხმაზე...ნელა,ძალიან ფრთხილად ავყევი სილურჯეს,კიბის მოაჯირს ჩამოვყევი მწვანე მინდვრამდე


დედამ მთვარეული დამარქვა...
მამამ"ლუნატიკი"
მეზობლებმა-გიჟი

ასე გრძელდება დღემდე,ნიავი ბეთხოვენს მიკრავს,მიწა გვირილებს მიცხობს...ღამეებმა შემარიეს სილურჯეს,ჩემს მოსაცმელს ახლა ნათელი სილურჯე დაკრავს,ჩემს შიშველ ფეხებს ნელ-ნელა
ემშობლიურებათ მიწა,სული ნელ-ნელა მიდის ცისკენ,სუნთქვა მიჰყვება შოპენს...მე ვუყურებ მზეებს საპატარძლო კაბაში,ვკრეფ და ვიფრქვევ თმაში,მერე ვარსკვლავებსაც ნელ-ნელა ვკრეფ და სილურჯენარევ კაბას ახალ ღილებს ვუკერებ...

მეზობლები ჩურჩულებენ...
დედა ტირის...
მამა უსასრულებას ტკივილამდე გაყინული თვალებით მისჩერებია...

მე ამ დოს ქორწილი მაქვს...თმაში მინდვრის გვირილები,ღილებად ვარსკვლავები...ბებიას მოსაცმელის ნაცვლად ზოლიანი,ვერჩემეული პერანგი,სახეზე მიწა წავისვი,ტანზე გახუნეული სილურჯე მივიხატე...

ღამე დამეკარგა...
ქორწილი ჩამიშალეს...
ნემსით გამიყუჩეს სული,რომელიც არასოდეს ჰქონიათ მათ.

3/31/10

ვინ იცის ეს მტრედები ჩემი დაქუცმაცებული სულიდან წარმოიშვნენ..


ვერ ვერევი ამ ცხრა თავიან დროს,დევის დედასავით რომ მიხრწნის სულს...ცხოვრებადანაცრულ განცდებს კვალის ასარევად აქეთ-იქით ვფანტავ და დევის დედას კი არა მეც მერევა გზა...ვერასოდეს წარმოვიდგენ ჩემს დიალოგს მოხუც ღმერთთან,რომელსაც ბაბუას თვალები აქვს,იმიტომ რომ არასდროს მყოლია ბაბუა,ბაბუა რომელსაც ჰქონდა ფაფუკი წვერი და შალის თეთრ მსუქნადნაქსოვ წინდებს ბუხართან აშრობდა...ეს ყველაფერი მხოლოდ ზღაპრებშია ჩემია.ვიცი შენ გიყვარს თევზები,რომლებიც დუმან...მე გადამიხუნდა განცდები და სრულიად დაცლილი ემოციებისგან,ოქროს თევზად თუ არა ყვითელ თევზად ვიგუე თავი...
იქნებ არც არსებობს მეათე ცა...არც ეს ზე გრძნობები,იქნებ ეს სამყარო ჩემი მოგონილია,"ვიცი რაისთვის ვარ","ვიცი რაისთვის ვარ"იმეორებს ქარი დანაოჭებული სახით და სიყვარულით ულურჯდება პატარა კაპილარი თვალთან,მეც მინდა იგივე ვთქვა,ნუ მეტყვიან ადამიანები რომ დუმილი ჯობია ყვირილს,ნუ ამიხელენ თვალებს,მომახვიონ შავი სუდარა და ერთად ვიგრძნოთ თვალდახუჭულებმა როგორ გვისერავს ვარდისფერ ტერფებს ცხოვრებადაკარგული წაბლის კაბა...ვინ იცის ეხლა მარტოობაში ვარ მე თუ,მარტოობაა ჩემში...ვინ იცის ეხლა ეს მტრედები ჩემი დაქუცმაცებული სულიდან წარმოიშვნენ,ეს ყველაფერი ისე არეულად,ისე ბნელად და ნისლისფრად,...ვინ იცის იქნებ,ეს ნაოჭებიანი თვალი,გაურკვეველი ფერის,ცხოვრებადანახული კაცი,ყოველდღე რომ მხვდება კიბესთან,და სტუდენტურ ოც თეთრს წყენით უკანვე მიბრუნებს,მე რომ ვერც კი ვამჩნევ და ვერდანახული ადამიანებისთვის შეკერილ ღიმილს ვაგებებ,ვინ იცის იქნებ აქ მეშლება და აქ არის ღმერთი,,იქნებ ამ ნაცრისფერ ცაზე,ვარდისფერი ფარდით რომ ვისუდრავ თვალებს და მოთეთრო სამყაროს ვეფარები,ვინ იცის იქნებ აქ არის ღმერთი....ვინ იცის ვინ იცის ვინ იცის სად არის ღმერთი...აქ არის ღმერთი...

3/26/10

თუთას "ლენს"


მე შენთან ერთად შევუყვარდი სამყაროს ლენ,ჩემს გამომშრალ ხელებს გრძელი მაისურით ვმალავ და ლამაზ ფეხებს ერთმანეთთან ვატყუპებ მხოლოდ კარგი რომ დაგანახო ლენ,ვინ იცის იქნებ კიდეც შემომაცვდეს მაისური და აღარ მიშველოს უკვე დაძველებულმა კაბამ...ვინ იცის იქნებ შენი თვალებიდან მალულად მოპარულმა მეტაფორებმაც მაქციოს ზურგი ლენ და მერე რაღას გავუსვა ხაზი?...მე ეხლა ახალი კაბა მაცვია და ფეხსაცმელთან ერთად აღარ მიჭერს სული...შენი თვალები ჩემი სარკეა და დიდხანს ამიტომაც ვიპრანჭები...ლამაზი ვარ მე ლენ,გრძელი ქერა კულულები და ლამაზი ფეხები მაქვს ლენნნ

3/18/10

ცაცია პრინცესა



მე ცაცია პრინცესა ვარ და მარჯვენა ფეხის ნაცვლად მარცხენას ავიზიდავ შენ რომ ჩამეხუტები,მერე რა თუ სტიქიებს ერთნაირად ვუყვარვარ და მხოლოდ ქარში ტრიალით ვიოკებ სულშეშლილ ბედნიერებას,
შენ დიდი ხარ და მზე რომ ამოდის მზის ნაცვლად შენი ჩრდილი მეფარება და ვერ ვშლი კაბას...
მე ცაცია პრინცესა ვარ,თეთრი მოკლე კაბა მაცვია,ქარში ვერ ვშლი ხელებს,კაბა მიჭირავს,...მეშინია ხელგაშლილი ფრიალა კაბით არ წამიღოს ზეცამ...მე ქარი ვარ...უნდა ვიშრიალო...უნდა გაგეპრანჭო,მე ყველაფერი ვარ...მადროვეთ ცეკვა,ნამდვილ გვირილებში გაწოლილს რებეკასავით მიწის ჭამა მომინდა,მაგრამ მე არასოდეს მივატოვებ დახვეწილ მუსიკოსს...მე,მე არასოდეს დავქორწინდები შენზე ადამიანო...მე მეათე ცასთან დამწერეს ჯვარი,და ერთადერთი ჯვრისმწერი მეუფე სადღაც მიიმალა...არ უნდა ჯვარი ამყაროს სულშეშლილ ქარებთან...

3/17/10

ზღაპარი(?)





"ნაძვების წვერზე,ფეხის ცერებზე შემდგარი,ხელის გულებიდან კენკავ ჩემს სულს ლექსებად და ამით მე უფრო ვნაყრდები ვიდრე შენო"გვირილას გაუწითლდა ლოყები და ყვითელი გულით სარკის ნამსხვრევებიანი წიგნი მიიხუტა...დიახაც რომ მეათე ცაზე ამოსულ გვირილას ქაღალდის ქოხში სტუმარი ყავდა და გვირილასთან ხშირად მიჰქონდა კალათით,ორი აბი ვარსკვლავი,ნახევარი ნაჭერი მზე და ერთი წვიმისჭიქა ქარი...შემოსხდებოდნენ ღრუბლის სავარძელში და ინაწილებდნენ ნუგბარს...მეათე ცაზე არ იყო განსხვავებულობის სინდრომით სენშეპყრობილი ადამაინები,გვირილა ცხოვრობდა მარტო და სტუმრები... ერთხელ როდესაც კეთილი სტუმარი ლექსებზე სანადიროდ წავიდა,ის აღარ დაბრუნებულა...

წერილი ბებოს(მონადირე წავიდა ბე)
ბე მე მამიდამ ახალი კაბა შემიკერა ბე...შენი დარგული პიონები შენსავით მიწაშია და სძინავს,მე ისევ მოვალ შენთან და ისევ შემსუდრე სხვისთვის ვერწარმოსადგენი სითბოთი...აქ ცოცხლები უფრო გვანან მკვდრებს,ვიდრე მკვდრები ცოცხლებს...შენ უფრო თბილად ხარ მანდ,ფეხის ცერებით და მუხლის თავებით გითბობ სხეულს...გემრიელია შენი მიწა,ცხელი გული დამიამა...მონადირე წავიდა ბე...თბილი ხელისგული და ღრუბლის საბანი წამართვა,ეხლა შენი თბილი ხელისგული უნდა მომადო სახეზე...ლოყებიც გამითეთრდა და სხეულიც სიფრიფანა გამიხდა ბე...ეხლა შავი ღრუბელი მივაჭამე სუნთქვას და გული დამიმძიმდა ბე...გახსოვს ჩვენს უფანჯრო ოდაში ქარი როგორ უკრავდა სალამურზე...გახსოვს შუა გამით რომ გამაღვიძე და ქარის სტიქიით შეშლილი სული ფურცლებზე მაწერინე...გახსოვს როგორ მიმიქსოვე სუნთქვასთან ერთად არაცნობიერთან ჭიდილი...შენ წახვედი და ეხლა მარტო ვწევარ სტიქიების სუნთქვაში...მაგრამ შენიდან ჩემამდე კიდევ ცხრა ცაა,მეათე ცაზე მარტო ვარ,ქაღალდის ფიცრული დავანგრიე და ჩვენი ოდა დავდგი...მარტოობა რომ ვისუნთქო...ნუ მჯაჭვავ ბე ასე შენს სულთან,შემიბრალე,თორემ შ ე მ ო მ ე ხ ა რ ჯ ა ჯ ე რ ვ ე რ წ ა კ ი თ ხ უ ლ ი ს ა მ ყ ა რ ო...ბე უთხარი ღმერთს დამიბრუნოს მონადირე,მემძიმება უმისობა
...
ეხლა აქეთ ქარია თბილი ქარი...ბე დაბრუნდა მონადირე მე კი არ მინდა მას ბანალური მესიჯი მივწეო,მე ხის მერქანზე,სისხლის მელნით მინდა დავუწერო სული და როინის რომ მტრედი ყავს დიდაჭარის მუზათა კოშკში,იმ მტრედს
გავატანო...უცნაურია ბებო ჩემი სუნთქვა,ჩემივე შეთხზილი სამყაროს ტყვე ვარ და გრძელი ნაწნავით ვიიმედებ თავს...ბებო ქარში ფრთაგაშლილ სულს ვალსი უნდა შენთან,ის რომ არ მეცეკვება იმიტომ...ბებო ისევ ბავშვი მინდა ვიყო,რვა მარტს ვარდებს რომ გჩუქნიდე...გახსოვს ღამე ჩვენს ჩრდილებს რომ დავცინოდით მინდორზე...შენი ხელით რომ მჭრიდი ჩოლკებს,ბებო ეხლა ცივ მიწაზე ვწევარ და ვერ ვარჩევ,მე უფრო ცივი ვარ თუ მიწა,ან პირიქით,მიწა უფრო ცხელია თუ მე...გიომ აგვისტო ხარო და გავუბრაზდი...მაგრამ არ ვიფიქრე...აგვისტო ცხელია...აგვისტო წვიმიანია...აგვისტოში ტუჩები უსკდებათ ქალწულებს სხივის უმანკო კოცნისაგან....აგვისტო აშიშვლებს ადამიანებს...მე თუ აგვისტო ვარ მონადირევ არ შენიღბო თავი თვისი,რამეთუ მე მზე ვარ და შენ წვიმა უნდა იყო,რომ მაჯებდასერილმა სხივებმა სიყვარულისგან არ დაახმოს მიწა,მე ყოველ ღამე თავს დავიხრჩობ ზღვაში და ყოველდილით გადავიჭრი მაჯებს,სითხე რომ გაიფანტოს და თქვენამდე ოქროსფრად მოვიდეს...
....
ბოლო ბოლო მე ხომ გვირილა ვარ გამოგდებული საკუთარი ქორწილიდან,ვარდიაო დედოფალი..

მე ბუბესავით მშიერი თვალები მაქვს...




"ჩაში ჩაფუნჩხულ" პურს შაქრის ნაცვლად ნახევარკოვზ ბავშვობას ვაყრი და მეუცხოვება სამყარო,უფრო იმიტომ რომ ბავშვობაში არ მიყვარდა არ კარაქიანი პური და არც კრემიანი ნამცხვარი,თვალებდახუჭული ამიყვანეს მეათე ცაზე...გამომაღვიძეს და შიშმა საფეთქლებთან გამცრა,დედამიწის გზა აღარ ვიცოდი,დავიწყე ხის ფიცრულუის შენება...მუქი ჭუჭყისფერი კომბინიზონი და თუთას ორი ზომით დიდი მაისური აღმომაჩნდა თან,მომიხდა... თურმე მეათე ცა ისე ახლოს ყოფილა მიწასთან,საკუთარი თვითკმაყოფილებით "გამძღრებმა" დასვრილი ენით დაღეჭილი ბანანი გადმოაფურთხეს და ჩამოვვარდი დედამიოწაზე,კი არ ჩამოვარდი,დავენარცხე და ვიღაც"ხელოვანი"გამძღარი სულით საკუთარ სიდიდეს ქადაგებდა,მე ამ დროს მშიოდა,ღმერთი მშიოდა და ვერ ვნაყრდებოდი "აღსარებისას ვერნათქვამი ცოდვების გამო"...ისევ,ისევ ვიღაც უღმერთოდ,საკუთარი უშინაარსო მეტაფორებით თვითკმაყოფილი,მიქადაგებდა ხელოვნების უსაზღვროება და მის სიდიდეს მასში... მე ბუბასავით მშიერი თვალები მაქვს და თუთასავით ორი ზომით დიდი მაისური მაცვია, ყელში რომ არ მომიჭიროს სულმა...მე მათი არდაწერილი ლექსები უფრო მიყვარს ვიდრე ვითომხელოვანს მიწამდე დაყვანილი მზე... მოგონილი მშობლიურობით მითხრა რომ ჩემი მეათე ცა და მიწიდან ავარდნილი სული,სიყალბის გემოს უტოვებდა თურმე...მე ამ დროს ისევ მშიერი,ისევ მღელვარე და გიჟი...თვალდახუჭულმა გადავჭერი თბილისის ნერვულად დაძარღვული ქუჩები რომ წამით ისევ შემეჩერებინა მარადისობა....

2/18/10

შენ ლურჯად შემოსილო სითეთრევ...


გუშინ მე და სიჩუმე ვეზიარეთ მარადისობას...უცნაურად ჩუმი იყო და არავინ მეზიარებოდა მასში,უნიჭობაა ეხლა ჩემი მხრიდან მაგაზე ლაპარაკი,მაგრამ საოცრად დავიკარგე სილურჯეში...მე მოვიგონე მე ძალიან ბევრი რამ მოვიგონე,მე არადედამიწელობაც კი გამოვიგონე ჩემი უაზრო ფორიაქისთვის სახელი რომ შემეთხზა...რომ რაღაცით გამემართლებინა ჩემი არასტანდარტული და უცნაური ამბოხება...უფრო იმიტომ რომ ვერ გაიგებენ"საათის ისრებივით აცყობილი ადამიანები"უცნაურ ხუთვას....ნუ გაიგებთ მოვიგონეს გამოგონილ სამყაროდ...პირიქით,ეს ყველაზე ცრფელი სიტყვაა,ჩვენ ყველა თავად ვწერთ საკუთარ ნაბიჯებს...ყველა რაგაცას ვიგონებთ...მე მოვიგონე რომ გაზაფხულს შემოდგომა ჯობდა და დავარწმუნე თავი...შემოდგომამ არ იცის ღალატი და მას აქვს შინაარში მაგრამ გაზაფხული გამიყინდა იმიტომ რომ ვერ ვეყრდნობი მას...ნუ ცახვალთ ჩემგან მხოლოდ იმიტომ რომ "ია-ია ორმაგად ფერადია"ჩემს სამყაროში..."და უცნაური სიაშკარავე დაღეწილი ციგნების ფონზე"მე აღმივაჩინე რომ არსებობს ლურჯი ადამიანი და მას უყვარს გაცრეცილი მთვარე,ან ატირებული მზე..ვალსი ქართან და არადედამიცელობა...მე გამოგიგონე შენ ლურჯად შემოსილო სითეთრევ და ეს არ მომიგონია მე...შენ თეთრი ხარ და მე ლურჯი დაგარქვი...

1/22/10

წვრილმანები ბავშვობიდან

გუშინ მართლაც რომ პოეტურ განწყობაზე ვიყავი და მთელი დღე როინ აბუსელიძის ლექსებს ვკითხულობდი,ძლიერი პოეტია არახელოვნური,თავისუფალი,მისი ლექსების კითხვისას ასე ვთქვათ”კისერს არ მოიტეხ”გართულებული ვითომ ფილოსოფიით,აი მაგალითად
წვრილმანები ბავშვობიდან

დღეა ცისფერი და
ცაა ცინიკოსი,
გატყდა ოცდაორი მარტის
გამთენია,
სხივი ნაწნავივით
წვება ალიონზე,
ღრუბლის ფთილები კი
თითქოს ბაფთებია.

ბაბას ნალიაში შეაქვს
მტრედისფერი,
ძმები საბალახოდ ლურჯას
მიდენიან,
მიკვირს სიცილამდე,ზოგჯერ
მეტისმეტიც,
ლურჯა რატომ ჰქვია,თუკი
წითელია.

ბავშვურ შეკითხვების პასუხს
ველოდები,
ფეთქავს გაზაფხულის თოთო
მისტერია,
ჩემი სურვილი და გოგო
მეზობელის,
ვხვდები,ამ ბოლო ხანს ერთად
იზრდებიან.

სიცხეც ბეჭით დამაქვს როგორც
განაჩენი,
ნენე დაწრიალებს დოქით
ოწინართან,
რაღა საჯანდაბედ წერა
ავიჩემე,
წლები გამირბიან...
ახლა ოცისა ვარ და-

უნდა დამიჯერო
ცაა ცინიკოსი,
გატყდა გამთენია,
მარტის ოცდაორი,
წვიმის ბრავისიმო კვდება
ალიონზე,
ჰოდა დავცერე და
ანუ მომაგონდი...

ცოტა რამ ბლოგის შესახებ

ყოველთვის მინდოდა მქონოდა ისეთი შესაძლებლობა ბლოგი იქნებოდა ეს თუ რაიმე სხვა,სადაც ვისაუბრებდი ლიტერატურაზე,ეს იმდენად ამოუწურავია აუცილებლად სჭირდება კრიტიკა,ანუ თანამედროვე ენაზე რომ ვთქვა “პიარი”(თანამედროვე პოეზიას ვგულისხმობ)მე ეხლა ვმუშაობ ონლაინ ტელევიზიის ჩამოყალიბებაზე,სადაც მაქსიმალურად დავიხარჯები და ყველაზე მთავარია,ეს ჩემი სამსახური კი არა სულის ძახილია,დამოუკიდებელი თავისუფალი,....მერამდენედ გადავუხვიე სათქმელს,რაც შეეხება ამ ბლოგს ეს ჩემი პატარა მეგობარი იქნება”მესაიდუმლე დაქალი”ანუ აქ ვიქნები მე მთელი სინამდვილით....ეს იქნება ჩემი დღიურიც და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ფსიქოლოგიც,იმიტომ რომ არ არსებობს სურვილი,ოცნება,მისწრაფება რომელიც არ შესრულდეს მთავარია ვიპოვოთ”სამყაროს სული”მერე კი ყველაფერი გამოვა...

ჩემს შესახებ


ბავშვობიდან ვოცნებობ ჟურნალისტობაზე,ეს უკვე ახირებაზე მეტია,სოფლის სკოლა დავამთავრე,იქ გაცილებით ადვილი ჩანდა ოცნებებთან მიახლოვება,დავდგებოდი სარკის წინ და ჩემი თავი უკვე რომელიმე ცნობილი ტელევიზიის წამყვანი მეგონა,ეს ყველაფერი ისეთი სიცხადით იჟონებოდა სულში… მერე დაღლილი საკუთარი “წარმატებებით”ჩამოვირბენდი კიბეებს და დავლაშქრავდი ხოლმე მთელ ეზოს,სწორედ ამ დროს ჩამესახა ლიტერატურის ზღვარდაუდებელი სიყვარულიც,სადაც ლამაზი თავგადასავლები ერთმანეთს ცვლიდნენ და მეც ხან ერთი პერსონაჟი ვიყავი ხან მეორე აი მაგ დროს არც კი ვიცოდი რას ნიშნავდა ესთეტიკა,რატომ მომწონდა ლიტერატურა და რატომ ვწერდი ლექსებს,ურითმოს,არადახვეწილს მაგრამ გულიანს,ეხლა კი ლიტერატურამ და ჟურნალისტიკამ ჩემი ცხოვრების გზები გადაკვეთა და თუ როგორ ამაზე ბლოგით და ჩემი ონლაინ ტელევიზით გაცნობებთ