11/18/11

5/16/11

ჩემი ოთახი


ყველაფერი ჩამოვხსენი კედლებიდან,ფოთლები,თუთას გამოჭრილი ქაღალდის თოჯინებიც,სტაფილოსფრები,ვან გოგის ვარსკვლავებიანი ცა და ორი კონვერტი,სავსე წერილებით,საახალწლო საჩუქრებივით ჩავაწყვე ყუთში.ჩაეტია,მთელი ჩემი ოთახი ერთ პატარა ქაღალდის ყუთში ჩაეტია,ხვალ შევაცურებ წყალში,რა თქმა უნდა ნოეს კიდობანი არაა რომ გადარჩეს..

მისი სახეც ლპობაშეპარული კანით და შეშლილი თვალებით დავგრაგნე თეთრი ძაფით მოვგუდე და ისიც ყუთში,თავის სუნთქვას იბრუნებს და თანდათან მოკვდება ალბათ,
მირკანის ნახატები უფრო მორჩილად უპასუხოდ,ხელაწვდენილები მომყვებიან ისიც მათთან ერთად ყუთში,

სოფომ დაიძინოს მისთვის ამის ყურება არ შეიძლება,ხვალ ფარდასაც ჩამოვხსნი და რამე ახლით ჩავანაცვლებ,ხვალიდან აღარ იქნება ის ხალხმრავლობა რომელიც ასე გეჯავრებოდა...

ხვალიდან აღარც მე ვიქნები მე

ძილინებისა

3/4/11

ლ.მ-ს






მთლიანად ცარიელი,
ქარი რომ მინის ჭიქაში გამოკეტო...ფანჯრებს რომ ფარდები დააცალო და შიშველი ხეები დარგ
კედლის კუთხეებში, ტილო.თავიდან გველები რომ წვეთავს-ჭერზე...
ერთი სიზმრით ნაკლებს ვნახავ თუ არ დავიძინებ და მოგწერ...მაინც არაფერი მესიზმრება კარგი,თაფლში დამარხული მიცვალებულების გარდა...რომლებიც მიწვევენ და ყოველღამე სადღაც მივყვები...კარგი ეს იქეთ,წითელი სახურავები სადღაც სამხრეთით მთავრდება და ვიცი ოცნებებსაც მაშინ ავიხდენ როცა სურვილები შემზიზრდება და ჩემით ვიტყვი უარს
ცარიელი ვარ...კედელზე რომ ნაქსოვი თოჯინები გამიკრან სულ ყვითელ ყვითელი ჩამოვხსნი და ზდისლავის ნახატებს გავაკრავ,ხერხემიდან რომ ამეწვას სული...სათქმელი საერთოდაც იმდენია თან შენთვის როცა ასეთი ცოტა და უცხო ხარ ჩემთვის,როცა დასაკარგი არაფერი მაქვს შენში...და არც იმდენად ვარდისფერი ხარ რომ მოგეფერო ჩვილი ბავშვივით,თავისუფლად შემიძლია გელაპარაკო...









2/27/11

ფრეკენ ხეკ/ნათი ჯანაშია/







ფრეკენ ხეკ, მე ვტოვებ ვესტერხაგს,
ალბათ, სამუდამოდ გშორდებით,
ყველაზე ძალიან რაც მინდა -
სახლი და მზრუნველი მშობლები.

ცხრა წელი გავიდა, ფრეკენ ხეკ,
რა არის სითბო და ალერსი
არ ვიცი. გავრბივარ, ღამეა,
გზები კი - მრუდი და დამრეცი.

ხვალ ჭინჭარს ვერ მოვგლეჯ, ფრეკენ ხეკ,
(თქვენ მუდამ ყველაფერს მიწუნებთ)
ვერც შეშას დავაპობ, აღარ ვარ
თქვენი თავშესაფრის ბიჭუნა.

ზაფხულის სუნია, ფრეკენ ხეკ,
ჩრდილები მომსდევენ ვერხვების,
თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ,
ისე გამეთოშა ფეხები...

ფრეკენ ხეკ, მეგზური ვიპოვე -
ოსკარი – ალალი გუგული,
უსაზღვროდ კეთილი თვალებით,
ჩემსავით მარტო და... უფულო.

ფრეკენ ხეკ, ისეთი ტკბილი ხმით
ამქვეყნად არავინ არ მღერის,
მის გვერდით თავს ისე ლაღად ვგრძნობ,
ცრემლებიც არა მაქვს საღვრელი,

რომ ლამაზ, ფუშფუშა ქოლგიან
ქალბატონს შვილად არ ვუნდივარ,
ფრეკენ ხეკ, სწორი თმა თუკი მაქვს
მერე რა, ასეთი ცუდი ვარ?

ისევ დამესიზმრა ტბის პირას
ჩემი სახლი, იქნებ ამიხდეს,
გული ისე მიძგერს, ფრეკენ ხეკ,
ლამის საგულედან ამოხტეს.

სიბრაზე დამალეთ, ფრეკენ ხეკ,
რასმუსი წავიდა, გაგშორდათ.

ყველა ბავშვს სჭირდება მშობლები,
ზრუნვა და ნამდვილი ბავშვობა
ნათი ჯანაშია