9/19/10

ჩემო მეგობარო




სულში გავითბობ ხელებსო და ხერხემლიდან ამეწვა უცებ,
ცხადად დავინახე ღია სული,
სულსაც აქვს სისხლი ჩემო მეგობარო,
ალბათ ესეც არსებობის ხასხასა დასტურია,
ეხლა ვკითხულობ შენს წერილებს
და ვხვდები:
როგორ ჩაბღუჯე ჩემი მაჯა და
პატარა ბავშვივით,ცალი ხელით მახტუნებ გუბეებზე,
ბათინკები რომ არ დამიმძიმდეს,
შენით დავიწყე დილა და ვიცი,-
უფლება მაქვს მოგწერო ყველა უაზრობა,
რომელმაც ჩემში გაატარა.
რატომ გეჩვენება რომ,-
ყველა ჩემი საღამო ისე მძიმეა მხრებზე გეყრდნობა,
უბრალოდ ფერადი გზაჯვარედინები მაბრუებს,
ყველა სახლში ლამპა ანთია და საერთოდ არ აქვთ ფანჯრები,
ლურჯი ფოსფორით აქვთ მიხატული,
ეხლა მასავით ოთხი ზომით დიდი მაისური მაცვია
და ზუსტად ვიცი,-
სული ვიწრო კაბაშიც აღარ მომიჭერს,
იმიტომ რომ უცნაურად გაიწელა,და ძალიან ბევრი ეტევა.
და ვეღარ ვავსებ.
ვიცი მავანი გამომეკიდება რის კაბა რა სულიო მაგრამ მეგობარო ესეც ერთი უაზრო ფორმალობაა
რომელსაც ცხადია ვერც ავხსნი და სურვილიც არ მექნება...
როგორ ვერ გხედავ ან როგორ ვერ გგრძნობ,ოღონდ შენ მაგას ნუ დამაბრალებ
ამიტომ მეწვის ხერხემლიდან და მარცხნივ სულში რომ ჩამიყოფ ხელებს,
შენით დავიწყე დილა მეგობარო,აი გაწვიმდა კიდეც,
რამდენი ხანია არ უწვიმია...

ალუბლებით სავე კალათა



ვერ ვხვდები ,რატომ მესიზმრება ყოველღამე ალუბლებით სავე კალათა,შენს მაჯებთან მოფანტული,
რატომ დავდივარ სიმძიმემოწოლილი და ვიჯერებ,მარიამის შეშლილ ნაბოდვარს,რომ ლურჯი ყოჩივარდები უმწეობად აყრია ფრთებზე,რატომ ვცდილობ რომ ყოველღამე მიმატოვოს მამამ და მერე სპილოსთვის სამყოფი საძილე აბებით გაბერილმა ქუჩა ქუჩა ვიარო და ვისმინო საკუთარი სიზედმეტე…
რატომ ქრის ასეთი ბლანტი,უშედეგო ქარი,უხმაუროდ რომ აწვენენ ნაძვებს…მინები აღარ შეუტოვეს ჩემს მყუდრო ოთახს…რატომ…და მაინც ყოველ ღამე იმხელა ხმაზე ვეძახი ღმერთს ლამისაა ყურები ვატკინო,ვის აღარ ავკიდე ჩემი მარტოობა,ვისი სულის ხარჯზე არ ვიცხოვრე,მაგრამ ეს ქარები,ეს უშედეგი ცინიკოსები,დამხარხარებენ და მახსენებენ,რომ ისევ ვერ ვიძინებ,რადგან მას კვლავ ესიზმრება ლურჯი ყოჩივარდები და მე ისევ მაშინებს შენს მაჯებთან მიყრილი ალუბლები...
ჯერ ნუ წაიყვან!!!
გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი