9/19/10

ჩემო მეგობარო




სულში გავითბობ ხელებსო და ხერხემლიდან ამეწვა უცებ,
ცხადად დავინახე ღია სული,
სულსაც აქვს სისხლი ჩემო მეგობარო,
ალბათ ესეც არსებობის ხასხასა დასტურია,
ეხლა ვკითხულობ შენს წერილებს
და ვხვდები:
როგორ ჩაბღუჯე ჩემი მაჯა და
პატარა ბავშვივით,ცალი ხელით მახტუნებ გუბეებზე,
ბათინკები რომ არ დამიმძიმდეს,
შენით დავიწყე დილა და ვიცი,-
უფლება მაქვს მოგწერო ყველა უაზრობა,
რომელმაც ჩემში გაატარა.
რატომ გეჩვენება რომ,-
ყველა ჩემი საღამო ისე მძიმეა მხრებზე გეყრდნობა,
უბრალოდ ფერადი გზაჯვარედინები მაბრუებს,
ყველა სახლში ლამპა ანთია და საერთოდ არ აქვთ ფანჯრები,
ლურჯი ფოსფორით აქვთ მიხატული,
ეხლა მასავით ოთხი ზომით დიდი მაისური მაცვია
და ზუსტად ვიცი,-
სული ვიწრო კაბაშიც აღარ მომიჭერს,
იმიტომ რომ უცნაურად გაიწელა,და ძალიან ბევრი ეტევა.
და ვეღარ ვავსებ.
ვიცი მავანი გამომეკიდება რის კაბა რა სულიო მაგრამ მეგობარო ესეც ერთი უაზრო ფორმალობაა
რომელსაც ცხადია ვერც ავხსნი და სურვილიც არ მექნება...
როგორ ვერ გხედავ ან როგორ ვერ გგრძნობ,ოღონდ შენ მაგას ნუ დამაბრალებ
ამიტომ მეწვის ხერხემლიდან და მარცხნივ სულში რომ ჩამიყოფ ხელებს,
შენით დავიწყე დილა მეგობარო,აი გაწვიმდა კიდეც,
რამდენი ხანია არ უწვიმია...

No comments:

Post a Comment