4/25/10

"ლენ"


შენ ჩემი და ხარ ლენ,ოღონდ არავინ არ იცის,არც დედამ...
ეხლა ჭექა ქუხილია,მე ათამდე ვითვლი და საბანში ვიმალები...
შენ პატარა ხარ,ჩემსავით...ოთხი წლის...
დედას მაისური გაცვია,მუქი შინდისფერი,მოშავო თვალებით და გაბუტული ტუჩებით ჩემთან შემოპარვა გინდა,მე მხოლოდ თვალებით გპატიჟებ.
-შენც გეშინია?
-მე არა-გატყუებ
-არც მე-მეჯიბრები
- გეშინია-ვბრაზდები
-არ მეშინია-ისევ მეჯიბრები
ჩვენ ჯიუტები ვართ,გვიყვარს თოჯინობანას თამაში
ჭექა-ქუხილი სადღაც ახლოს სკდება,შენ ჩამეხუტე,
-აი გეშინია(გამარჯვებული ხმით)
-ალაო-მოუქნელად მწიწკნი თმებს და მტოვებ
კარებთან სასაცილოდ დგახარ,...ხვეული თმები წელამდე გწვდება,გაბუტულ ტუჩებთან ცრემლები გიგროვდება და მოცუცქნული თითებით მარცხენა თვალს ისრეს...შენ ცაცია ხარ,მარცხენა ფეხზე დგახარ და მარჯვენათი მარცხენას აწვალებ,მეც ვდგები,ჩვენ აღარ გვეძინება,ფეხშიშველი ჩავრბივართ უკვე ეზოში,წვიმს...ჩვენ პატარები ვართ,ჩვენებურად ვცეკვავთ,ბოლოს ისევ ჩხუბი და ცალ ცალკე ავრბივართ კიბეზე,თუმცა მაინც ერთად,
***
შენ ჩემი და ხარ
დედამ არ იცის რომ შენ მე მყავხარ
როცა სველდები შენ ქრები
დღეს არ წვიმდა

4/10/10

მზედგადაცმულ ღმერთს

ეს ღამე ტაძარია ახლა.შენი სულის გამჭვირვალე ვარსკვლავები სანთლებად აციმციმდა ცაზე,ხავსმოკიდებულ მდინარესთან მზედგადაცმულ ღმერთს გადარჩენას ევედრები...ჩიტები პატრიარქის ხმაზე გალობენ,შანდლების ნაცვლად ცაცხვებზე ანთია ჩასასვენებლად აწითლებული მზე შენ რომ გადარჩენას ევედრები...ეხლა წყლის ზედაპირზე წყალმცენარეებით მოქარგულ სივრცეს ციცინათელები ეხვევიან გარს...ასე მგონია წყლის ქვევითაა მათი იდუმალი სასახლე,
ეს ღამე ტაძარია ახლა...მე მხოლოდ შენს უფალმიმართულ მზერას ვიჭერ და მხოლოდ ზურგიდანმლოცველს გაწყდები,წყალი ციცინათელებს ირეკლავს და მე შენს ლოცვას.
.

4/1/10

მთვარეული(მეათე ცაზე)


ნიავი ბეთხოვენივით გაივლიდა თითეოულ საფეხურს და ბოლოს,სულთან რომ მომიკაკუნებდა,ვაღებდი ფანჯარას და ბებოსნაქონი,ძვლივსგადარჩენილი,სითეთრედაკარგული პერანგით,მარიამივით ვუყურებდი დაჩოქილ სივრცეს,ღამის სილურჯე სულის კაბად მეცვა და ღილებადდაკერილი ვარსკვლავები ამ დროს შოპენს უკრავდა,მე ფეხშიშველი,მეწყვილე ნიავს ავყევი ცეკვაში...ჯერ ბოლომდე არგამომცხვარ მიწას,აღარ ვაკარებდი ფეხებს,იმიტომ რომ ლურჯი იყო ღამე,იმიტომ რომ ქარი მაკვდებოდა ტუჩებზე,წვიმამ შემომაწება სითეთრედაკარგული ბებიას მოსაცმელი...მე მაინც ფეხშიშველი,ვარსკვლავები შოპენის ხმაზე...ნელა,ძალიან ფრთხილად ავყევი სილურჯეს,კიბის მოაჯირს ჩამოვყევი მწვანე მინდვრამდე


დედამ მთვარეული დამარქვა...
მამამ"ლუნატიკი"
მეზობლებმა-გიჟი

ასე გრძელდება დღემდე,ნიავი ბეთხოვენს მიკრავს,მიწა გვირილებს მიცხობს...ღამეებმა შემარიეს სილურჯეს,ჩემს მოსაცმელს ახლა ნათელი სილურჯე დაკრავს,ჩემს შიშველ ფეხებს ნელ-ნელა
ემშობლიურებათ მიწა,სული ნელ-ნელა მიდის ცისკენ,სუნთქვა მიჰყვება შოპენს...მე ვუყურებ მზეებს საპატარძლო კაბაში,ვკრეფ და ვიფრქვევ თმაში,მერე ვარსკვლავებსაც ნელ-ნელა ვკრეფ და სილურჯენარევ კაბას ახალ ღილებს ვუკერებ...

მეზობლები ჩურჩულებენ...
დედა ტირის...
მამა უსასრულებას ტკივილამდე გაყინული თვალებით მისჩერებია...

მე ამ დოს ქორწილი მაქვს...თმაში მინდვრის გვირილები,ღილებად ვარსკვლავები...ბებიას მოსაცმელის ნაცვლად ზოლიანი,ვერჩემეული პერანგი,სახეზე მიწა წავისვი,ტანზე გახუნეული სილურჯე მივიხატე...

ღამე დამეკარგა...
ქორწილი ჩამიშალეს...
ნემსით გამიყუჩეს სული,რომელიც არასოდეს ჰქონიათ მათ.