2/27/11

ფრეკენ ხეკ/ნათი ჯანაშია/







ფრეკენ ხეკ, მე ვტოვებ ვესტერხაგს,
ალბათ, სამუდამოდ გშორდებით,
ყველაზე ძალიან რაც მინდა -
სახლი და მზრუნველი მშობლები.

ცხრა წელი გავიდა, ფრეკენ ხეკ,
რა არის სითბო და ალერსი
არ ვიცი. გავრბივარ, ღამეა,
გზები კი - მრუდი და დამრეცი.

ხვალ ჭინჭარს ვერ მოვგლეჯ, ფრეკენ ხეკ,
(თქვენ მუდამ ყველაფერს მიწუნებთ)
ვერც შეშას დავაპობ, აღარ ვარ
თქვენი თავშესაფრის ბიჭუნა.

ზაფხულის სუნია, ფრეკენ ხეკ,
ჩრდილები მომსდევენ ვერხვების,
თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ,
ისე გამეთოშა ფეხები...

ფრეკენ ხეკ, მეგზური ვიპოვე -
ოსკარი – ალალი გუგული,
უსაზღვროდ კეთილი თვალებით,
ჩემსავით მარტო და... უფულო.

ფრეკენ ხეკ, ისეთი ტკბილი ხმით
ამქვეყნად არავინ არ მღერის,
მის გვერდით თავს ისე ლაღად ვგრძნობ,
ცრემლებიც არა მაქვს საღვრელი,

რომ ლამაზ, ფუშფუშა ქოლგიან
ქალბატონს შვილად არ ვუნდივარ,
ფრეკენ ხეკ, სწორი თმა თუკი მაქვს
მერე რა, ასეთი ცუდი ვარ?

ისევ დამესიზმრა ტბის პირას
ჩემი სახლი, იქნებ ამიხდეს,
გული ისე მიძგერს, ფრეკენ ხეკ,
ლამის საგულედან ამოხტეს.

სიბრაზე დამალეთ, ფრეკენ ხეკ,
რასმუსი წავიდა, გაგშორდათ.

ყველა ბავშვს სჭირდება მშობლები,
ზრუნვა და ნამდვილი ბავშვობა
ნათი ჯანაშია

No comments:

Post a Comment